სასწავლო პროექტი


,,პოეზია-უპირველეს ყოვლისა...’’
                                       
იდეა/თემა: პროექტი ითვალისწინებს გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 120 წლისთავისათვის საიუბილეო საღამოს მომზადებას და ჩატარებას.

მნიშვნელობა/აქტუალობა: მოსწავლეები უფრო ახლოს გაიცნობენ გალაკტიონის ცხოვრებასა  და მოღვაწეობას, ბევრს გაიგებენ იმ ადამიანის შესახებ, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარეს გენიოსად, პოეტთა მეფედ.

მიზანი: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ისტ-ს დახმარებით ახალი და მათთვის  საინტერესო მასალის მოძიების, დახარისხებისა და საზოგადოების წინაშე წარდგენის ჩვევების გამომუშავებას.
ბავშვებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ გაინაწილონ ჯგუფებში ფუნქციები, როგორ გაითვალისწინონ ერთმანეთის  აზრი, როგორ შეაჯერონ მოპოვებული ინფორმაცია ისე, რომ კვლევის საბოლოო პროდუქტი სრულყოფილი გამოვიდეს.

მონაწილეთა ასაკი: 13 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:  14-15 დღე.

მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები ისწავლიან, თუ  ისტ-ის მეშვეობით როგორ მოიპოვონ, დახვეწონ და წარმოაჩინონ მოპოვებული მასალები, გამოთქვან საკუთარი აზრი  და დამოკიდებულება ამ ინფორმაციების მიმართ. ბავშვები გაეცნობიან გ. ტაბიძის  ცხოვრებას, შემოქმედებასა და სულიერ მდგომარეობას, რომელიც  ჯერ კიდევ  სრულყოფილად არ აქვთ შესწავლილი. ეს აღუძრავთ მათ სურვილს, რომ უფრო მეტი იცოდნენ პოეტზე და მის პოეზიაზე.

წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებს ნასწავლი აქვთ რამდენიმე ლექსი პოეტის შემოქმედებიდან. გასულ წელს იმყოფებოდნენ გალაკტიონის სახლ-მუზეუმში სოფ. ჭყვიშში.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: გ. ტაბიძის ლექსების კრებულები, კომპიუტერი,  პროექტორი მასალების მოძიებისა და პრეზენტაციისთვის, ციფრული ფოტოაპარატი და ვიდეოკამერა ლიტ. საღამოს ფირზე  აღსაბეჭდად.

სასწავლო პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემასა და მიზნებს. ბავშვებს ვყოფ რამდენიმე ჯგუფად, ვარჩევ ლიდერებს და ვეხმარები მათ ჯგუფებში ფუნქციების გადანაწილებაში. შემდეგ ჯგუფებს ეძლევათ დავალებები, თუ რა მასალები მოიძიონ ამ ღონისძიებისათვის.
I ჯგუფი - ბავშვებმა უნდა მოიკვლიონ  და წარმოადგინონ მასალები პოეტის ოჯახზე, პირად ცხოვრებაზე, ტრაგიკული აღსასრულის მიზეზებზე.
II ჯგუფი - მოსწავლეებმა ზოგადად უნდა მიმოიხილონ  გალაკტიონის პოეტური მემკვიდრეობა, მისი შემოქმედებითი ეტაპები.
III  ჯგუფი  - ბავშვებმა  უნდა მოიძიონ მასალები გალაკტიონისა და გასული წლის იუბილარის,აკაკი წერეთლის ურთიერთობათა შესახებ.
მოკვლეული მასალების პრეზენტაცია გაიმართება ლიტერატურულ საღამოზე, რომელიც მიეძღვნება გ. ტაბიძის დაბადებიდან 120-ე წლისთავს. საღამო ჩატარდება დევიზით:
,,გული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა....
პოეზია-უპირველეს ყოვლისა!’’
თავდაპირველად საღამოზე  შეკრებილ მოსწავლეებს და მოწვეულ სტუმრებს ყოველი ჯგუფი წარუდგენს თავისი კვლევის პროდუქტს. შემდეგ პროექტორით ეკრანზე  ვაჩვენებთ სლაიდებს, რომელზეც ასახული იქნება პოეტის ცხოვრებისა  და მოღვაწეობის გარკვეული მომენტები, მოისმენენ ოქროს ფონდში შესულ პოეტის ხმით წაკითხულ ,,მთაწმინდის მთვარეს’’  (იხილეთ ბმული).
დასასრულს, გალაკტიონის ლექსებზე  დაწერილი სიმღერების ფონზე ბავშვები და სურვილისამებრ  სტუმრები წაიკითხავენ პოეტის  შედევრებს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული.
ქართ. VII. 4. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს.
  • გამოდის ჯგუფის მომხსენებლის როლში, ითვალისწინებს და გამოხატავს მათს საერთო აზრს.
პროექტის ხელმძღვანელი: მოსე ღლონტი.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: moseglonti@gmail.com